თეგი: მეთიუ ბრაიზა

პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა

Europetime-თან საუბრისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ირიბ მუქარას“ უკრაინაზე ზეწოლის გაძლიერების კონტექსტში განიხილავს. კერძოდ, ამერიკელი დიპლომატის აზრით, პუტინის მიზანია, უკრაინის მიმართ NATO-ს მხარდაჭერა შეაფერხოს.  „უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეზიდენტი პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით მხოლოდ ირიბად დაიმუქრა. განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვული ძალები მზადყოფნაში არიან. ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ რუსეთის ბირთვული იარაღის მზადყოფნის სტატუსში ცვლილებები არ მომხდარა, რადგან იარაღი ყოველთვის მზადყოფნაშია. ეს არ მიუთითებს მათი გამოყენების განზრახვაზე, არამედ შეიძლება, განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური მუქარა. დიახ, ეს არის უკრაინაზე ზეწოლის გაზრდის გზა, განსაკუთრებით ევროპაში, NATO-ს წევრი სახელმწიფოების მეშვეობით, რომლებსაც ბირთვული ომის საფრთხე აშინებთ. პრეზიდენტ პუტინის არაპირდაპირი მუქარა რუსეთის სამხედრო დოქტრინის ნაწილია, რომელიც შემდეგ კონცეფციას ეფუძნება - რუსეთს სურს, იყოს დომინანტი აქტორი კრიზისის ესკალაციის გზით და შესაბამისად, ოპონენტის დამარცხებით. ამრიგად, მისი მიზანია კონფლიქტის ესკალაცია უკრაინასთან და უკრაინის მეგობრებთან ტრანსალტლანტიკურ საზოგადოებაში“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.  მეთიუ ბრაიზა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას მხოლოდ კონფლიქტის გაფართოების შემთხვევაში განიხილავს, თუმცა აასეთ შემთხვევაში ალიანსის მხრიდანაც ადეკვატურ პასუხს ელის. „NATO-ს სივრცეში კონფლიქტის გაფართოების შემთხვევაში, (ვგულისხმობ თავდასხმას ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, როგორიცაა, ესტონეთი ან ლატვია, რომლითაც ის NATO-სთან ომის პროვოცირებას მოახდენს) ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. NATO არასოდეს დაესხმება თავს რუსეთს, არ აქვს ამის სურვილი და გეგმა, მაგრამ თუ რუსეთის თავს დაესხმება NATO-ს, NATO ყველა საჭირო საშუალებით დაიცავს თავს, მათ შორის ბირთვული იარაღით, მაგრამ ჩვენ ახლა ძალიან შორს ვართ ასეთი განვითარებისგან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში“. ასევე წაიკითხეთ: Europetime-თან საუბარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, მისი ბირთვული ძალების მობილიზების შესახებ საშიშ რიტორიკას უწოდებს. რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი აშშ-ის რეაქცია ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ შეერთებული შტატები პუტინს პროვოკაციულ რიტორიკაში არ აჰყვა. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომელიც მართებულად აკრიტიკებს პრეზიდენტ პუტინს პროვოკაციული ქცევის გამო, მაგრამ ასევე მკაფიოდ გამოჩნდა, რომ შეერთებულმა შტატებმა პუტინს არ უპასუხა პროვოკაციულად“. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, რუსეთის სამხედრო გეგმა, უკრაინის დამარცხების სტრატეგიული გეგმა ჩაიშალა. „პრეზიდენტი პუტინი გეგმავდა ძალიან სწრაფ შეტევას და ფიქრობდა, რომ დაამხობდა უკრაინის მთავრობას, სწრაფად აიღებდა კიევს და ასევე დაიპყრობდა ძირითად ქალაქებს, რომლებზეც დამოკიდებულია უკრაინის ეკონომიკა. მაგალითად, ხელში ჩაიგდებდა მარიუპოლის, ოდესის, ასევე, ხარკოვის პორტებს, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქია და მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრია. ამ ტაქტიკამ არ იმუშავა მრავალი მიზეზის გამო - დაზვერვის შესანიშნავი მუშაობა; რუსეთის სუსტი ლოგისტიკა, სუსტი დაგეგმვა, საშინლად არასწორი შეფასება უკრაინის შესაძლებლობების, იმისა, თუ რამდენად ძლიერად გაუწევდნენ უკრაინელები წინააღმდეგობას რუსეთის შეჭრას, ასევე, გაუგებრობის ან არასწორი წარმოდგენის იმის შესახებ, რომ რუსეთის ჯარებს მიესალმებოდნენ, როგორც განმათავისუფლებლებს და არა დამპყრობლებს. ახლა ჩვენ ვხედავთ რუსეთის მიმართ უპრეცედენტო უმსხვილეს სანქციებს. რუსეთის ეკონომიკა ნადგურდება, ხალხი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებული და გაბრაზებულია პრეზიდენტ პუტინზე, რადგან მან უთხრა რუს ხალხს, რომ დასავლეთი არ დააწესებდა ძლიერ სანქციებს, რადგან ის გაყოფდა NATO-ს, მას არ დაემუქრებოდა ეკონომიკური შედეგები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, პრეზიდენტმა პუტინმა რუს ხალხს უთხრა, რომ ყირიმის მსგავსად სწრაფ და მარტივ გამარჯვებას მოიპოვებდა. მას სჯეროდა, რომ ზელენსკის მთავრობა დაინგრეოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა, რუსეთის საზოგადოებაში პუტინის მოწინააღმდეგეთა რიცხვი იზრდება“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე Europetime-თან. ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. განახლება შეგიძლიათ თუ არა დაამშვიდოთ მსოფლიო, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, NBC-ის ამ შეკითხვას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები პროვოკაციებით აიძულებენ რუსეთს გამოვიდეს წონასწორობიდან.

Europetime-თან საუბრისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა ამ ომმა ბევრი რამ გვაჩვენა, პირველ რიგში, ტრანსატლანტიკური საზოგადოების გულუბრყვილობა რუსეთთან მიმართებით. თუ ადრე ვინმე ფიქრობდა რუსეთთან მნიშვნელოვან დიალოგზე, ახლა მის იზოლაციასა და დასუსტებაზეა საუბარი, რათა რუსეთმა ვერასდროს შეძლოს იმის გაკეთება, რაც გააკეთა უკრიანაში და ასევე, საქართველოში 2008 წელს. ჩვენ გულუბრყვილოდ გამოვიყურებოდით რუსეთის შემოჭრის წინ საქართველოში, როდესაც ჩემს ხელმძღანელებს აშშ-ის მთავრობაში და კოლეგებს ევროპის მასშტაბით, რუსეთის პროვოცირებაში, საქართველოს და კონკრეტულად სააკაშვილის დადანაშაულება სურდა. რაც საქართველოს და სააკაშვილს სურდათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო. ჩვენ სააკაშვილს ვადანაშაულებთ რუსეთის შემოჭრაში საქართველოში და შემდეგ, უკრაინელებს მოვთხოვეთ 2014 წელს, დონბასსა და ყირიმში განვითარებული მოვლენების დროს, უფრო მეტი სიმტკიცე ეჩვენებინათ... საბოლოო ჯამში, ვხედავთ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. ამრიგად, რთულად ვისწავლეთ ეს გაკვეთილი. კარგად გამოჩნდა, რომ პუტინის მიმართ გულუბრყვილობას ვიჩენდით; რომ ვფიქრობდით, თითქოს, რუსეთთან ერთად უნდა გვემუშავა; საქართველოს ვადანაშაულებდით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურდა. დასკვნის სახით რომ გითრათ, რუსეთთან არამხოლოდ თანამშრომლობის, არამედ მნიშვნელოვანი, კონსტრუქციული დიალოგის ეპოქა დასრულდა.  ამ ომმა გვაჩვენა, რამდენად სუსტი და კორუმპირებულია რუსული ჯარი. ასევე, რამდენად არაკომეტენტურები არიან სამხედრო მეთაურები, რამდენად კორუმპირებულია მთელი სისტემა. რუსეთის ჯარი დემორალიზებულია. ასევე ვნახეთ, რომ მთელი უკრაინა, მთელი საზოგადოება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ჯარისკაცები გასაოცრად მებრძოლები არიან. როდესაც იბრძვი, შენარჩუნო შენი ქვეყნის არსებობა, ასეთი საოცარი სიმამაცით შეგიძლია დაამარცხო მსოფლიოს უდიდესი არმია. რუსებისგან განსხვავებით უკრაინენელები კრეატიულები აღმოჩდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელმა ხალხმა იმაზე მეტი სიძლიერე და სიმტკიცე აჩვენა, ვიდრე ამას თავად უკრაინელები ელოდნენ.  კიდევ ერთი ცვლილება, რაც დავინახეთ, ისაა, რომ გერმანია, რომელიც თავდაპირველად გულუბრყვილოდ იქცეოდა, გამოფხიზლდა, გააცნობიერა, რომ ცდებოდა. კანცლერმა შოლცმა გააცნობიერა, როგორ იყენებს რუსეთის ენერგორესურსებს პოლიტიკურ იარაღად. ახლა ევროკავშირი ცდილობს რუსულ გააზე დამოკიდებულება წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს. ბევრმა ევროპელმა გააცნობიერა პუტინის საფრთხე; გააცნობიერეს, რომ გულუბრყვილო დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ და რომ ახლა საჭიროა, რუსეთის იზოლაცია, მისი დასუსტება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკა აღარ იქნება ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში, როგორც ეს აქამდე იყო. თქვენ ვერ ნახავთ რუს ბანკირებს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. ეს დასრულდა. ისინი იზოლაციაში არიან. ეს უდიდესი ცვლილებაა. კიდევ ერთი ცვლილება ისაა, რომ ჩემი აზრით, ჩინეთი რუსეთთან თავის პარტნიორობას გადახედავს. ვფიქრობ, ჩინეთის მთავრობა აცნობიერებს, რომ ტაივანს არ სურს ისეთი მოწინააღმდეგე ტაივანში, როგორც რუსეთს - უკრაინაში. ჩინეთი ხედავს, რა შედეგები მოაქვს შეჭრას და ვფიქრობ, ჩინეთს არ სურს, იზოლაციაში მოექცეს და რუსეთის მსგავსად, დასუსტების სამიზნე გახდეს. ვწუხვარ, რომ უამრავი აქტორი, მათ შორის ევროპასა და შეერთებულ შტატებში დაიწყებს უკრაინაზე ზეწოლას, რომ დანებდეს. ეს არასწორია, ეს უკრაინის გადასაწყვეტია. მორალური და სტრატეგიული თვალსაზრისითაც, უკრიანის გადასაწყვეტია, როდის დაასრულებს ომს, ბრძოლას. უკრაინის ხელისუფლება მკაფიოდ აცნობიერებს არსებულ სიტუაციას, აქედან გამომდინარე, რუსეთი გაძევებული უნდა იყოს უკრიანის ტერიტორიიდან. ბოლოს, დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლა შეუძლია საქართველოს. უკრაინაში ყველა გაერთიანდა, პოლიტიკური ოპოზიცია, მთავრობა, ყველა ერთიანია. ამას ხედავენ ევროპაშიც. უკრაინა ევროპისთვის ფასეულია. რეალურად, მათი ინტეგრაციის პროცესი ახლა დაჩქარებულია და მალე, მას შეუძლია, მიიღოს ეკონომიკური სარგებელი. რა თქმა უნდა, საქართველოსაც აქვს მსგავსი შესაძლებლობა. მას აქვს ტრანსატლანტიკური საზოგადოების მხარდაჭერა, ახლა კი, რაც საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ხდება, საშინელებაა. ამდენად, საქართველოს ახლა აქვს უდიდესი შესაძლებლობა, შიდა პოლიტიკური ბატალიების მიღმა იმოქმედოს. ვგულისხმობ ორივე მხარეს, როგორც ოპოზიციას, ასევე, მთავრობას. საქართველოს მთავრობას რა თქმა უნდა ესმის, რომ ისტორიის არასწორ მხარეს არ უნდა იდგე, უკრაინას სჭირდება საქართველოს მხარდაჭერა და ის იწყებს საქართველოდან მეტი მხარდაჭერის მიღებას. ეს კარგია. სოლიდარობა, ერთად დგომა, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური განსხვავებების გადალახვა, საქართველოსაც შეუძლია და ახლა ამის დროა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 24 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ეპოქა დასრულდა - მეთიუ ბრაიზა

ექსკლუზივი 24 თებერვლიდან 28 მაისამდე - სამი თვე უკრაინის ომიდან - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა Europetime-თან  ექსკლუზიურ ინტერვიუში მიმოიხილავს არსებულ სურათს უკრაინაში რუსეთის ომიდან სამი თვის შემდეგ:  ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცი გასამართლდა        მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია NATO-ში გაწევრიანებას ფინეთი და შვედეთი ცდილობენ                   რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. 24 თებერვლიდან 28 მაისამდე - არსებულ სურათში მთავარ ასპექტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან განიხილავს. ამერიკელი დიპლომატი საუბრობს, თუ რა აჩვენა მსოფლიოს ამ ომმა. „ამ ომმა გვაჩვენა, რამდენად სუსტი და კორუმპირებულია რუსული ჯარი. ასევე, რამდენად არაკომეტენტურები არიან სამხედრო მეთაურები, რამდენად კორუმპირებულია მთელი სისტემა. რუსეთის ჯარი დემორალიზებულია. ასევე ვნახეთ, რომ მთელი უკრაინა, მთელი საზოგადოება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ჯარისკაცები საოცრად მებრძოლები არიან. როდესაც იბრძვი, შენარჩუნო შენი ქვეყნის არსებობა, ასეთი საოცარი სიმამაცით შეგიძლია, დაამარცხო მსოფლიოს უდიდესი არმიაც. რუსებისგან განსხვავებით, უკრაინელები კრეატიულები აღმოჩდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელმა ხალხმა იმაზე მეტი სიძლიერე და სიმტკიცე აჩვენა, ვიდრე ამას თავად უკრაინელები ელოდნენ“, - აღნიშნავს ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.   პოლიტიკური კონტექსტის განხილვისას, ამერიკელი დიპლომატი, რუსეთის მიმართ უცხოელი აქტორების დამოკიდებულებებში მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს. „კიდევ ერთი ცვლილება, რაც დავინახეთ, ისაა, რომ გერმანია, რომელიც თავდაპირველად გულუბრყვილობას იჩენდა, გამოფხიზლდა, გააცნობიერა, რომ ცდებოდა. კანცლერმა შოლცმა გააცნობიერა, როგორ იყენებს რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკურ იარაღად. ახლა ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გააზე დამოკიდებულება წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს. ბევრმა ევროპელმა გააცნობიერა პუტინის მხრიდან საფრთხე; გააცნობიერეს, რომ გულუბრყვილო დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ და რომ ახლა საჭიროა, რუსეთის იზოლაცია, მისი დასუსტება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკა აღარ იქნება ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში, როგორც ეს აქამდე იყო. თქვენ ვერ ნახავთ რუს ბანკირებს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. ეს დასრულდა. ისინი იზოლაციაში არიან. ეს უდიდესი ცვლილებაა“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი. მეთიუ ბრაიზა, რუსეთთან ჩინეთის პარტნიორობის გადახედვასაც პროგნოზირებს. „კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც ვხედავთ, ისაა, რომ ჩემი აზრით, ჩინეთი რუსეთთან თავის პარტნიორობას გადახედავს. ვფიქრობ, ჩინეთის მთავრობა აცნობიერებს, რომ არ სურს ისეთი მოწინააღმდეგე ტაივანში, როგორიც რუსეთს ჰყავს უკრაინაში. ჩინეთი ხედავს, რა შედეგები მოაქვს შეჭრას და ვფიქრობ, ჩინეთს არ სურს, იზოლაციაში მოექცეს და რუსეთის მსგავსად, დასუსტების სამიზნე გახდეს. ვწუხვარ, რომ უამრავი აქტორი, მათ შორის ევროპასა და შეერთებულ შტატებში ალბათ დაიწყებს უკრაინაზე ზეწოლას, რომ დანებდეს. ეს არასწორია, ეს უკრაინის გადასაწყვეტია. მორალური და სტრატეგიული თვალსაზრისითაც, უკრიანის გადასაწყვეტია, როდის დაასრულებს ომს, ბრძოლას. უკრაინის ხელისუფლება მკაფიოდ აცნობიერებს არსებულ სიტუაციას, აქედან გამომდინარე, მას სურს, რუსეთი გაძევებული იყოს უკრიანის ტერიტორიიდან, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. უკრაინის მაგალითზე, ამერიკელი დიპლომატი საქართველოს შიგნით სოლიდარობის და ერთიანობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „ბოლოს დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლა შეუძლია საქართველოს. უკრაინაში ყველა გაერთიანდა, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ოპოზიციას თუ მთავრობას, ყველა ერთიანია. ამას ხედავენ ევროპაშიც. უკრაინა ევროპისთვის ფასეულია. რეალურად, მათი ინტეგრაციის პროცესი ახლა დაჩქარებულია და მალე, მას შეუძლია, მიიღოს ეკონომიკური სარგებელი. რა თქმა უნდა, საქართველოსაც აქვს მსგავსი შესაძლებლობა. საქართველოც ძვირფასია ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, თუმცა რაც ახლა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ხდება, საშინელებაა. ამდენად, საქართველოს აქვს უდიდესი შესაძლებლობა, შიდა პოლიტიკური ბატალიების მიღმა იმოქმედოს. ვგულისხმობ ორივე მხარეს, როგორც ოპოზიციას, ასევე, მთავრობას. დროა, საქართველომ ამ მხრივ, ვითარება გამოასწოროს. საქართველოს მთავრობა რა თქმა უნდა, იაზრებს, რომ თქვენ, ისტორიის არასწორ მხარეს არ იქნებით. უკრაინას სჭირდება საქართველოს მხარდაჭერა და ის იწყებს საქართველოდან მეტი მხარდაჭერის მიღებას. ეს კარგია. სოლიდარობა, ერთად დგომა, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური განსხვავებების გადალახვა, საქართველოსაც შეუძლია და ახლა ამის დროა. როგორც აღვნიშნე, ამ ომმა ბევრი რამ გვაჩვენა, თუმცა პირველ რიგში - ტრანსატლანტიკური საზოგადოების გულუბრყვილობა რუსეთთან მიმართებით. თუ ადრე ვინმე ფიქრობდა რუსეთთან მნიშვნელოვან დიალოგზე, ახლა მის იზოლაციასა და დასუსტებაზეა საუბარი, რათა რუსეთმა ვერასდროს შეძლოს იმის გაკეთება, რაც გააკეთა უკრიანაში და ასევე, საქართველოში - 2008 წელს. ჩვენ ასევე გულუბრყვილოდ გამოვიყურებოდით რუსეთის შემოჭრის წინ საქართველოში, როდესაც ჩემს ხელმძღანელებს აშშ-ის მთავრობაში და კოლეგებს ევროპის მასშტაბით, რუსეთის პროვოცირებაში, საქართველოს და კონკრეტულად, სააკაშვილის დადანაშაულება სურდა. რაც საქართველოს და სააკაშვილს სურდათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო. ჩვენ, სააკაშვილს ვადანაშაულებთ რუსეთის შემოჭრაში საქართველოში და შემდეგ, უკრაინელებს მოვთხოვეთ 2014 წელს, დონბასსა და ყირიმში განვითარებული მოვლენების დროს, უფრო მეტი სიმტკიცე ეჩვენებინათ... საბოლოო ჯამში, ვხედავთ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. ამრიგად, რთულად ვისწავლეთ ეს გაკვეთილი. კარგად გამოჩნდა, რომ პუტინის მიმართ გულუბრყვილობას ვიჩენდით; რომ ვფიქრობდით, თითქოს, რუსეთთან ერთად უნდა გვემუშავა; საქართველოს ვადანაშაულებდით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურდა. დასკვნის სახით რომ გითრათ, რუსეთთან არამხოლოდ თანამშრომლობის სურვილის, არამედ მნიშვნელოვანი, კონსტრუქციული დიალოგის ეპოქა დასრულდა“, - მიიჩნევს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. Forbes: რუსეთს უკრაინის 20% აქვს ოკუპირებული რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მეთიუ ბრაიზა ნენსი პელოსის ვიზიტზე ტაივანში: პროვოკაციული ნაბიჯია, ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია

რა გავლენა ექნება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთობებზე, ასევე, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაზე, ეს თემა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განიხილა. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტი არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთგვარი გამოძახილი, რადგან ნებისმიერი სტრატეგი კარგად ხედავს, თუ როგორ რეაგირებს ჩინეთი მოსკოვის შეჭრაზე. ამერიკელი დიპლომატი შეერთებული შტატების პოლიტიკის ცვლილებას არ ელის. „არ მგონია, რომ ამ ფაქტმა რაიმე გავლენა მოახდინოს აშშ-ის პოლიტიკაზე, მაგრამ ვფიქრობ, გონივრული რჩევა იქნებოდა პელოსისთვის... მე, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, დემოკრატიის ძლიერი მხარდამჭერი ვარ, მაგრამ ვიზიტის დრო... როგორც ვთქვით, უკრაინის ომს ჩინეთი თვალს ადევნებს... ეს არის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ გაამძაფრებს, ისედაც რთულ აშშ-ჩინეთის ურთიერთობებს, რაც რა თქმა უნდა, საერთოდ არ არის სასარგებლო. ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია, თუმცა ის არის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ის დამოუკიდებელია, წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელ ინსტიტუტს. მას ჰქონდა ტაივანში ჩასვლის უფლება“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ და აქვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნენსი პელოსი ამ თანამდებობაზე უკვე ნოემბრის არჩევნების შემდეგ აღარ იქნება. „ნენსი პელოსიმ იცის, რომ არჩევნების მერე ამ თანამდებობაზე აღარ იქნება. ეს იყო მისი ბოლო მოგზაურობა, როგორც ეროვნული ლიდერის. მან ასე გადაწყვიტა. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ის წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, კონგრესის წევრები აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ და არ აქცევენ ყურადღებას, რა სურს ბაიდენის ადმინისტრაციას და ასე შემდეგ. კონგრესი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და ის ამ ინსტიტუტის ლიდერია“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი. თეთრი სახლის პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს 21 ივლისს, შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა: სამხედროები ამბობენ, რომ პელოსის ტაივანში მოგზაურობა "არ არის კარგი იდეა". 2 აგვსიტოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ გამორიცხა რაიმე მიზეზის არსებობა, რომ პელოსის ვიზიტი შეიძლება, კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. კირბის შეფასებით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არ არღვევს. აშშ-ს ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ კუნძულის ტერიტორია შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად ითვლება. ეს კავშირი ასევე მოიცავს ტაივანისთვის ამერიკული წარმოების იარაღის მიყიდვას. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. სხვა ამერიკელი ოფიციალური პირების ვიზიტები ისტორიაში1997 წელს ჩინეთის ლიდერთან შესახვედრად მოგზაურობის შემდეგ, „რესპუბლიკელი“ სპიკერი ნიუტ გინგრიჩიც ეწვია ტაივანს. ეს ვიზიტი მაშინ შედგა, როდესაც ჩინეთი ჰონგ კონგის კონტროლისთვის ემზადებოდა, მას ჩინეთის მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგრამ ბევრად ნაკლები, ვიდრე პელოსის მოგზაურობას. აპრილში, აშშ-ის ექვსი წამყვანი დეპუტატი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ტაივანში. მრავალპარტიულ დელეგაციაში შედიოდნენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი ბობ მენენდესი და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი. გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

მეთიუ ბრაიზა: როდესაც მე ვიყავი აშშ-ის მთავრობაში, ვცდილობდით, შეგვემუშავებინა სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, ეს იყო იქამდე, ვიდრე რუსეთი შემოიჭრებოდა საქართველოში

სენატში ორპარტიული კანონპროექტის წარდგენას, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიის შემუშავებას ავალებს, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მეთიუ ბრაიზა ძალიან მნიშვნელოვან და სასიხარულო ამბავს უწოდებს. ამ თემაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე  Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში საუბრობს. მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. „ძალიან კარგი ამბავია, რომ აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი - ნიუ ჰემფშირი) და მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი - იუტა) სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი - 2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას მიმართავს, სტრატეგია განავითაროს შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით. როდესაც მე ვიყავი აშშ-ის მთავრობაში, ჩვენ ვცდილობდით, შეგვემუშავებინა სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, ეს იყო იქამდე, ვიდრე რუსეთი შემოიჭრებოდა საქართველოში და იმ დროს ვიმედოვნებდით, რომ შეგვეძლო დავყრდნობოდით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას (BSEC), რათა შავი ზღვის რეგიონის ირგვლივ ყველა ქვეყანას მისცემოდა თანამშრომლობის საშუალება, მაგრამ ამის მიღწევა შეუძლებელი იყო, რადგან რუსეთმა დაპირისპირება გადაწყვიტა. 2008 წელს, რუსეთმა გადაწყვიტა საქართველოში შეჭრა, მოგვიანებით, 2014 წელს, რუსეთმა გადაწყვიტა უკრაინაში შეჭრა, 2022 წელს, რუსეთმა კვლავ გადაწყვიტა უკრაინაში შეჭრა“..., - ამბობს მეთიუ ბრაიზა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილის შეფასებით, მართლაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს აშშ-ის სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ. ამასთან, მიუთითებს, რომ შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან, თურქეთის, როგორც NATO-ს მნიშვნელოვან მოკავშირედ განხილვა საგულისხმოა და ხაზგასასმელია, რომ თურქეთი არამხოლოდ აკონტროლებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს, არამედ, მას NATO-ს წევრებს შორის სიდიდით მეორე ჯარი ჰყავს. „თურქეთი არის NATO-ს გაფართოების ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი - ემხრობა რა საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას. და, მიუხედავად იმისა, რომ არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, გადამწყვეტი სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას. ჩვენ ახლაც ვხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეიძლება, შეასრულოს თურქეთმა მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის თვალსაზრისით, თურქეთი მთავარ როლს თამაშობს. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება NATO-ს ინტერესის სფეროს წარმოადგენს და ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია თურქეთის როლი. ეს ყველაფერი უნდა იყოს ინტეგრირებული შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიაში“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში. ცნობისთვის, აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი - ნიუ ჰემფშირი) და მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი - იუტა) სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი - 2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიის შემუშავებას ავალებს. სენატორებმა წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიის შემუშავებას ავალებს კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კუთხით, დოკუმენტი ეხმაურება უკრაინაში, საქართველოსა ან რუმინეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის რეგიონალური ოფისის გახსნას. სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების აქტი შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირებასაც ეხმაურება. შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავების საკითხს Europetime-თან ინტერვიუებში ბენ ჰოჯესი აქტიურად განიხილავდა. „ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოიცავს მდგრად და მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ დახმარებებს, ასევე, სამხედრო მხარდაჭერას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და შავი ზღვის ყველა ქვეყნისთვის კეთილდღეობისა და საზოგადოების მდგრადობის განვითარების მიზნით. ეს მოიცავს საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას და უკრაინისთვის MAP–ის მინიჭებას“, - ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილი მეთაური, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობდა. წაიკითხეთ ვრცლად ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია

მეთიუ ბრაიზა: უკრაინამ დაამტკიცა, რომ გამარჯვება შეუძლია და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით HIMARS-ის სარაკეტო სისტემას იმსახურებს

Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა აფასებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, შესაძლებელია, რომ ეს გადაწყვეტილება, რუსეთის მხრიდან სასოწარკვეთაზეც მიუთითებდეს. მეთიუ ბრაიზა პუტინის მხრიდან მარცხის „აღიარებაზე“ მიუთითებს. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა ამტკიცებს, რომ უკრაინას გამარჯვება შეუძლია და კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებს. „სასაცილოა პუტინის მხრიდან იმის მტკიცება, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეს ასე ნამდვილად არ არის. პუტინს ამის (ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება, რედ.) გაკეთება ნამდვილად არ სურდა. ვნახეთ, რუსეთის არმია იმაზე გაცილებით ნაკლებ უნარიანია აღმოჩნდა, ვიდრე ეს ზოგადად, მანამდე ვინმეს სჯეროდა.  ეს ხდება უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შედეგად, რომელიც იმის დემონსტრირებაა კიევის მეგობრებისთვის და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ უკრაინას გამარჯვება შეუძლია და იმსახურებს ჩვენს სრულ მხარდაჭერას. კიდევ უფრო დიდი რაოდენობით Himars-ს, (ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, რედ.) სარაკეტო სისტემას, რომელსაც რუსული ძალების წინააღმდეგ დამანგრეველი ეფექტი აქვს.  ნახეთ, ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო მკაფიოდ გამოხატავს იმას, რომ მისი მიზანია, უკრაინამ მოიგოს ომი და რუსეთი დამარცხდეს. უკრაინის კონტრშეტევა სერიოზული აქტივია კიევის სასარგებლოდ, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.  ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.  თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ-ზე მეტი დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მეთიუ ბრაიზა: ლუკაშენკო ამაოდ ცდილობს, პუტინს დაეხმაროს, რათა ევროკავშირში უთანხმოება გამოიწვიონ

Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა აფასებს ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტს“. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, პუტინთან კოორდინაციით, ლუკაშენკო სავარაუდოდ, ქართველებსა და ევროპელებში არასტაბილურობის განცდის გაჩენას ეცადა, მათი შიშების გამოყენებაში კი პუტინს დაეხმარა, რომ საბოლოოდ, ძირი გამოეთხარა ევროპისა და ამერიკის სოლიდარობისთვის. „მე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა პრეზიდენტი ლუკაშენკო და რა გეგმები ჰქონდა მას, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავდა. შემიძლია, გამოვთქვა ვარაუდი, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო კოორდინაციაში უნდა ყოფილიყო პრეზიდენტ პუტინთან და სურდა, ერთი მხრივ, არამხოლოდ ქართველებში, არამედ ევროპელებში დაენახა არასტაბილურობა და ამასთან, გაეჩინა ეჭვები რუსეთის მიერ პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევის შესახებ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, რომლის 4 რეგიონშიც ანექსიის მცდელობებსაც ვხედავთ ახლა. მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, ალექსანდრ ლუკაშენკო ცდილობს, დაეხმაროს პრეზიდენტ პუტინს ამ შიშების გამოყენებაში, რათა ევროკავშირში უთანხმოება ნახოს და ძირი გამოუთხაროს ევროპულ სოლიდარობას, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, ასევე, ევროპასა და აშშ-ის შორის სოლიდარობას, მაგრამ ამაოდ, რადგან ეს სოლიდარობა ძალიან ძლიერი და მტკიცეა“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ. უფრო ადრე, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“. „ვფიქრობ, ლუკაშენკო ცდილობს, დაანახოს მოსკოვს, რომ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხებთან მიმართებით, დიდად არ ჩქარობს. ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას ალბათ იმედი აქვს, რომ ბელორუსი მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებს“, - მიიჩნევს პოლ გობლი.  Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა კი განაცხადა, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს. „პუტინს წლების წინ მოეწონებოდა ლუკაშენკოს მხარდაჭერა აფხაზეთთან დაკავშირებით. თბილისმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს უკმაყოფილების გამოსახატავად. კონკრეტულად რა შეიძლება, რომ იყოს ეს ზომები, თავად თბილისის არჩევანზეა დამოკიდებული“, - მიიჩნევს ჯონ ჰერბსტი. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ბელორუსს არ აქვს „აღიარებული“ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას ევროკავშირი არ აღიარებს. ბლოკს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.

მეთიუ ბრაიზა: 2023 წელს უპირველეს ყოვლისა გისურვებთ მშვიდობას, რომელიც ტრანსატლანტიკურ ოჯახთან გაერთიანების მკაფიო, სტრატეგიულ არჩევანს ეფუძნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა 2023 წელს საქართველოს უპირველეს ყოვლისა მშვიდობას უსურვებს. საახალწლო გზავნილს ბრაიზა ექსკლუზიურად Europetime-ს უზიარებს. „ძვირფასო ქართველო მეგობრებო, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ. გისურვებთ სიხარულით, კეთილდღეობით და უპირველეს ყოვლისა, მშვიდობით სავსე 2023 წელს. მშვიდობას, რომელიც ტრანსატლანტიკურ ოჯახთან გაერთიანების მკაფიო, სტრატეგიულ არჩევანზეა დაფუძნებული და ეწინააღმდეგება თქვენი ქვეყნის და უკრაინის ოკუპაციას, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში“.

ერთი წელი ომიდან: რუსეთს ნამდვილად არ შეუძლია, დააშინოს რომელიმე მისი მეზობელი - მეთიუ ბრაიზა

Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში, ოკუპირებული ყირიმის დაბრუნების საკითხი ზაფხულისთვის წამოიწევს წინ. მანამდე ბრაიზა რუსეთის მხრიდან შეტევის გაზრდას ელის, უკრაინელები კი, მისი შეფასებით, ზაფხულისთვის შეძლებენ კონტრშეტევის წარმოებას. „მოგეხსენებათ, რუსეთის მიზნები ომის პირველი წლის განმავლობაში შეიცვალა, თავდაპირველად, მიზანი იყო მოკლევადიანი ომი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, დაეკავებინათ კიევი და დაემხოთ ზელენსკის მთავრობა და ზელენსკის გუნდის ნაცვლად „დაენიშნათ“ მოსკოვისთვის მეგობრული მთავრობა. რუსებს სჯეროდათ, რომ უკრაინელები არ იბრძოლებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. ამდენად, რუსეთის სამხედრო შეჭრის გეგმა შეიცვალა, რაც გულისხმობდა უკვე დონბასის ირგვლივ კონტროლის დამყარებას. უკრაინას გასულ წელს ჰქონდა წარმატებული კონტრშეტევები და მოახერხა რუსების უკუგდება როგორც ხარკოვში, ისე ხერსონში. „ახლა რუსეთის მიზანია, მიაღწიოს გარკვეულ სამხედრო წარმატებას ბახმუტში, რასაც ჩემი აზრით, არ ექნება დიდი გავლენა სამხედრო თვალსაზრისით. ბახმუტს არ აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, პოლიტიკურად კი, ბახმუტში რუსეთის გამარჯვება, პრეზიდენტ პუტინს დაეხმარება, თავიდან აიცილოს ომისადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო შენელება რუსეთის შიგნით, რუსი ხალხისადმი წარმატების ჩვენებით“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი, რომელიც რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების ნაკლოვანებებზეც მიუთითებს. მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, ალბათ, ყველასთვის, მათ შორის პუტინისთვის მოულოდნელი იყო რუსეთის არმიის შესაძლებლობების ნაკლებობა. „სავარაუდოდ, მსოფლიოში მეორე არმია ბრძოლის ველზე დამარცხდა ხარკოვსა და ხერსონში. ვფიქრობ, პუტინმა დაინახა, რომ მისი სამხედრო მეთაურები არამარტო არაკომპეტენტურები, არამედ კორუმპირებულები არიან იმ ფონზე, როცა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები გაძლიერებულიყო. ახლა, როგორც ჩანს, მათი სამხედრო შესაძლებლობები იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, და, შედეგი არის ის, რომ რუსეთს ნამდვილად არ შეუძლია, დააშინოს, რომელიმე მისი მეზობელი“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან. დასავლეთის ერთიანობაზე საუბრისაას, ბრაიზა აღნიშნავს, რომ რუსეთის შეჭრამ გამოიწვია დასავლეთის უპრეცედენტოდ ერთიანი პასუხი: „მე აქ ვსაუბრობ ტრანსატლანტიკური საზოგადოების ერთიანობაზე და ასევე უკრაინელების ერთიანობაზე, რომელთაც მტკიცედ სურთ დასავლეთის ნაწილად ყოფნა. თუ დავუბრუნდებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტს, მაშინ უკრაინელების მხარდაჭერა NATO-ს წევრობისადმი თუ არ ვცდები სადღაც 45%-მდე, ახლა ეს ციფრი გაცილებით დიდია, შესაძლოა, 80%“. ამერიკელი დიპლომატი პუტინის მიზნებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ თავდაპირველად, მისი მიზანი უკრაინის განადგურება იყო, ახლა რუსეთის პრეზიდენტის მიზანი, თავად უკრაინელი ხალხის განადგურებაა. მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ პერსონალურად პუტინის და მედვედევის მსგავსი ადამიანებისთვის არის ომი ეგზისტენციალისტური საკითხი და არა ზოგადად რუსეთისთვის.  „პუტინის შეჭრამ წარმოშვა ყველაზე ძლიერი უკრაინული ნაციონალიზმი, პუტინს სურდა უკრაინის განადგურება, ახლა მას სურს უკრაინის და მისი ხალხის განადგურება. ამის სანაცვლოდ, მან დაინახა ისეთი ძლიერი უკრაინელები, როგორც არასდროს. უკრაინელების ისე სურთ დასავლეთის ნაწილად ყოფნა, როგორც არასდროს. პუტინმა არასწორად გათვალა და ეგონა, რომ არ მოჰყვებოდა მის შეჭრას ასეთი რეაქცია, როგორც მაგალითად, 2008 წელს, ჯერ საქართველოში და შემდეგ, 2014 წელს, უკრაინაში. პუტინმა ასევე არასწორად გათვალა, როდესაც იფიქრა, რომ გერმანია განსაკუთრებულად დამოკიდებულია რუსულ გაზზე, გერმანია ახლა უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ პასუხს უჭერს მხარს - ამდენად, დასავლეთი მტკიცედ ერთიანი რჩება, უკრაინისთვის დახმარების გაწევისადმი მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში ძალიან ძლიერია. გერმანია წარსულში ფიქრობდა, რომ მათ თავი შორს უნდა დაიჭირონ რაიმე სახის სამხედრო დახმარებისგან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მიმართ, მას ჰქონდა ძლიერი ბიზნესინტერესები რუსეთთან, ახლა ეს ყველაფერი დასრულდა, რასაც მოწმობს როგორც პრეზიდენტ შტაინმაიერის, ისე კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებები“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა. „რაც შეეხება მოვლენების შესაძლო შემდგომ განვითარებას, მე ველოდები, რომ რუსეთი შეეცდება, გააგრძელოს თავისი შეტევა უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა წარმატევას ვერ მიაღწევს, უკრაინელები შეძლებენ კონტრშეტევის წარმოებას ზაფხულისთვის და ველი, რომ მიაღწევენ წარმატებას - აქ მე ვგულისხმობ მდინარე დნიპროს მისადგომებიდან რუსული ძალების უკუგდებას და ამ დროს უკრაინელებს „დიდი გადაწყვეტილება“ ექნებათ მისაღები, რადგან ყირიმის საკითხი წამოიწევს და ჩნდება კითხვა, იქნება თუ არა ზეწოლა უკრაინაზე, რომ განაგრძოს ბრძოლა თუ ცეცხლის შეწყვეტაზე დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან, თუმცა მე არ მგონია, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები დათანხმდნენ იმას, რომ ბრძოლა შეწყვიტონ, ვიდრე ყირიმი არ არის თავისუფალი“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.

რაზე იქნება ფოკუსირებული აშშ-ის ახალი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ

Europetime-თან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა განიხილავს, რას შეიძლება, რომ მოიცავდეს შეერთებული შტატების ახალი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რომელიც მალე შემუშავდება. ამერიკელი დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ პირველი რაზეც სტრატეგია ყურადღებას გაამახვილებს, უსაფრთხოების საკითხები იქნება. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, დემოკრატიული რეფორმები საქართველოში, სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი იქნება. მეთიუ ბრაიზა: როდესაც მე ვიყავი აშშ-ის მთავრობაში, ვცდილობდით, შეგვემუშავებინა სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, ეს იყო იქამდე, ვიდრე რუსეთი შემოიჭრებოდა საქართველოში „რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მთავარი საკითხი იქნება. სავარაუდოა, რომ სტრატეგია ხელს შეუშლის რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო მოქმედების განხორციელებაში... ასევე, იმედი მაქვს, რომ სტრატეგია დაეხმარება საქართველოს, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში, ასევე, ხელს შეუწყობს ქვეყანას, გააძლიეროს და აღადგინოს პროგრესი ძლიერი დემოკრატიისკენ“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს.  მისივე თქმით, საქართველოსთვის ამ სტრატეგიის შემუშავება ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიგნალია იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მიენიჭა მოლდოვასა და უკრაინას, საქართველოს კი, რიგი რეკომენდაციების შესრულება მოუწევს მის მისაღწევად. „დარწმუნებული ვარ, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგია დიდწილად ასევე ფოკუსირებული იქნება საზღვაო დომენის მიმართულებაზე, ახალ ოპერაციებზე შავ ზღვაზე, მონტროს კონვენციის განხორციელებაზე, რომელიც ზღუდავს სამხედრო გემების გადადგილებას. მოგეხსენებათ, თურქეთი ასრულებს მონტროს კონვენციის პირობებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსეთის შესაძლებლობების შეზღუდვის თვალსაზრისით. ამდენად, ვფიქრობ, ბევრი საკითხი იქნება ამ სტრატეგიაში, პირველ რიგში - უსაფრთხოება, ასევე, დემოკრატიული რეფორმები, განსაკუთრებით საქართველოში, და რასაკვირველია, ეკონომიკური განვითარება“, - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ Europetime-ს. შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავება რა ეტაპზეა და როგორ დაეხმარება შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის, ამ შეკითხვით მიმართა სენატორმა ჯინ შაჰინმა სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს საგარეო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს. ჯინ შაჰინი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ „ჩვენ ორიენტირებული ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის. სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მისივე თქმით, რუმინეთმა უკვე წარადგინა თავისი შეხედულებები და გეგმები, რომლებიც აისახება შავი ზღვის ახალ სტრატეგიაში. ელჩი დეგნანი: შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც უნდა განსაზღვროს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ. 22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, როდესაც სენატორი შაჰინი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიით დაინტერესდა შუა დერეფანში სწორედ საქართველოს როლს გაუსვა ხაზი და ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე.  ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს რა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. სწორედ ამაზე საუბრობდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი Europetime-თან: „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა, და შეერთებული შტატები, ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთისა და ენერგიის გადაზიდვისთვის შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ინტეგრირების ჩათვლით. შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს ასევე მოუტანს სამუშაო ადგილებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერთან დაკავშირებით და კვალიფიციური დეველოპერსის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება. ამერიკული კომპანია Trammo კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სასუქის ტრანსპორტირებას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს  მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს. აშშ-ის მთავრობა ეძებს ახალ შესაძლებლობებს შუა დერეფნის მასშტაბით პარტნიორობისთვის. საქართველოში ეს ნიშნავს ახალი, ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებისთვის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გაზრდას, რათა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიწოდებული ტვირთის ეფექტიანობა და ღირებულება გაიზარდოს.   ეს ინვესტიციები და პარტნიორობა საქართველოს უფრო დიდ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ქართველებისთვის უფრო სარფიანად დასაქმების შესაძლებლობებს გამოიწვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე და ასევე დავეხმაროთ ქართველ მწარმოებლებს, რომ ჰქონდეთ რესურსები და უნარები, რათა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია გასწიონ. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა Europetime-ს. ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო

მეთიუ ბრაიზა მოსამართლეების სანქცირებაზე: უპრეცედენტო მოვლენაა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში, როგორც ჩანს, ეს გაფრთხილებაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის დროს მუშაობდა ამ თანამდებობაზე და ხშირად უწევდა საქართველოში მივლინებით ყოფნა, Europetime-თან ამბობს, რომ სანქციები უპრეცედენტო მოვლენაა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. შტატების მიერ მოსამართლეებისთვის დაწესებულ ვიზის აკრძალვას ის გამაოგნებელს უწოდებს.   „სახელმწიფო დეპარტამენტის დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები ჩართულნი არიან „მნიშვნელოვან" კორუფციულ საქმიანობაში, რამაც გამოიწვია, ვიზის აკრძალვა,  უპრეცედენტო მოვლენაა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. ეს სიტუაცია ზუსტად ასახავს აშშ-ის მთავრობის შეხედულებას, რომ ამ ადამიანებმა ძირი გამოუთხარეს საქართველოს სასამართლო სისტემას, რაც ასუსტებს დემოკრატიას ქვეყანაში, ეს კი, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის საქართველოს შესაძლებლობას, განიხილებოდეს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით პარტნიორად.   როგორც ჩანს, ეს არის გაფრთხილება, რომ თბილისს აღარ შეეძლება, მოახდინოს საქართველოს NATO-ში საბოლოოს გაწევრიანების მიზნებთან მიმართებით აშშ-ის მხარდაჭერის ინსტრუმენტალიზაცია, როგორც გზა, გააქარწყლოს ვაშინგტონის კრიტიკა დემოკრატიის უკანდახევასთან დაკაშირებით, ისევე როგორც მისი რბილი პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.  

უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“

6 ივნისს, უკრაინაში, ნოვა კახოვკაში კაშხალზე მომხდარმა აფეთქებამ, საერთაშორისო საზოგადოებას ათქმევინა, რომ მომხდარი ადასტურებს რუსეთის მიერ წარმოებული ომის ახალ განზომილებას და რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. რის მიღწევას ცდილობს რუსეთი იმ დროს, როდესაც უკრაინა კონტრშეტევის საწყის ფაზაშია და ამის პარალელურად ხდება „დატბორვით დაშინება“, რომლის შესახებაც, კიევი დიდი ხნის წინ გამოდიოდა გაფრთხილებით და დიდი ალბათობით, უკრაინას სამოქმედო გეგმაც ექნებოდა. ამასთან, დაიწყო თუ არა ომის ახალი ფაზა, ამ საკითხების გარკვევას Europetime უცხოელ მკვლევრებთან შეეცადა.  ასევე გაეცანით სტატიას: რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი, პოლ გობლი Europetime-თან ამბობს, რომ მოსკოვს სურს, მსოფლიოს გაუგზავნოს სიგნალი, რომ მომავალში ბევრად უფრო დამანგრეველი თავდასხმის მოწყობა ძალუძს იმ იმედით, რომ უკრაინაში უკან დახევას გადაწყვეტენ, თუმცა ჯეიმს ბეიკერის ყოფილი მრჩეველი დარწმუნებულია, რომ კრემლის ეს „გეგმა“ არ იმუშავებს, და შესაბამისად, არც კიევი დაიხევს უკან. 6 ივნისს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს მოსაზრება დაადასტურა, როცა განაცხადა, რომ „ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებითა და სხვა რამით“. პოლ გობლი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ზიგიერთის მხრიდან, უკან დახევის გაფიქრებას, შესაძლოა, მოსკოვში ზოგიერთი ამ ეტაპზე „ერთადერთ ვარიანტად“ განიხილავდეს. „ვფიქრობ, მოსკოვი ცდილობს, გაგზავნოს სიგნალი, რომ მომავალში შეიძლება, ბევრად უფრო საზიანო თავდასხმებში ჩაერთოს, ვიდრე ეს წარსულში გააკეთა, იმ იმედით, რომ ზოგიერთი უკრაინაში უკან დახევას გადაწყვეტს. თუმცა მეეჭვება, რომ ეს იმუშავებს, მაგრამ იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ამ ვითარებაში, მოსკოვში ზოგიერთმა, მაინც შეიძლება, ეს მიიჩნიოს ერთადერთ ვარიანტად. მას შეეძლო უკან დახევა, მისი შეჭრის გაზრდა ან ბირთვული იარაღის გამოყენება, მაგრამ კიევის უკან დახევას, (რედ.) ახლა როგორც ჩანს, ყველაზე სავარაუდო შესაძლებლობად თვლის“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან. სახეზეა ომის ახალი ტალღა, კონლიფქტის ახალი განზომილება - ეს თავის მხრივ, ფაქტია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე (ევრაზიის საკითხებში), მეთიუ ბრაიზასთვის, რომელიც Europetime-თან საუბრისას ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას - კერძოდ, თუ როგორ იმუშავებს მომხდარი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ: „ეს კაშხალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლებისთვის, რადგან ხელს უწყობს წყლის ნაკადების შენარჩუნებას ყირიმში, ამიტომ, მისი აფეთქება სხვა მხრივ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა. საერთაშორისო საზოგადოებამ ნოვა კახოვკის კაშხალზე თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა ის დარწმუნებულია, რომ ახლა რუსი სამხედრო მეთაურები შეშფოთებულნი არიან და სურთ, რომ უკრაინას გაურთულონ ჯავშანტექნიკით თავდასხმები: „დიახ, რუსეთს ეშინია უკრაინის მომავალი კონტრშეტევის. როგორც კიევის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, კაშხლის აფეთქება იყო სასოწარკვეთის ნიშანი, რადგან რუსეთის სამხედრო მეთაურები პანიკაში იყვნენ და სურდათ უკრაინის კონტრშეტევის შენელება, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, ყირიმის მცხოვრებლებისთვის სირთულეების გამწვავებას ნიშნავდეს. ისინი დაზარალდებიან, როცა წყალი აღარ ექნებათ“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი. Europetime-ს კახოვკის ირგვლივ შექმნილ სურათზე ასეევ ესაუბრა ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი. ბრიტანელი დიპლომატი განიხილავს, რა რეალობა შექმნა მომხდარმა როგორც რუსეთის, ისე, უკრაინისთვის. რას იღებს ამით მოსკოვი და რა შედეგებთან გამკლავება მოუწევს კიევს.  ლატვიაში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის შეფასებით, თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და ეს ვერ გამართლდება რაიმე „სამხედრო აუცილებლობით“. თუმცა როგორც იან ბონდი აღნიშნავს, მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, „რადგან რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“. „ამ ეტაპზე კაშხლის განადგურების შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შემიძლია, რადგან ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა. BBC-მ გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომლებიც გვთავაზობენ, რომ წყალმა შესაძლოა, კაშხლის სრულ ჩამონგრევამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო დინება. ვიცით, რომ რუსები აკონტროლებდნენ კაშხალს ომის დასაწყისიდანვე, ზოგიერთმა რუსულმა წყარომ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ მათ დანაღმული ჰქონდათ კაშხლის ტერიტორია და რომ მათ ახლა უფრო მეტი სარგებლის მიღება შეუძლიათ მისი განადგურებით, ვიდრე უკრაინას. რას იღებს რუსეთი? უპირველეს ყოვლისა, უკრაინას მოუწია ომიდან ყურადღების გადატანა და ხერსონის სამაშველო სამუშაოზე ფოკუსირება. მეორე - უკრაინა ცდილობდა დასაყრდენის შექმნას დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე ნოვა კახოვკასა და ქალაქ ხერსონს შორის; ნებისმიერი პოზიციები, რომლებიც უკრაინამ იქ განსაზღვრა, აღარ იარსებებს და დატბორილ რაიონებში ჯარისკაცებს ჯავშანტექნიკით შესვლა გარკვეული დროის განმავლობაში გაუჭირდებათ. მესამე - სახეზე იქნება გრძელვადიანი ზიანი უკრაინის ეკონომიკისთვის - ბევრად უფრო გრძელვადიანი ზიანი, ვიდრე  უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე წინა თავდასხმებმა მოუტანა მას. უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი სარწყავი წყლის გარეშე დარჩება. როგორი გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს კიევს ამ დანაკარგის ზემოქმედების შესამცირებლად, ის მაინც გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს. თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული - მე ვერ ვიფიქრებ რაიმე „სამხედრო აუცილებლობაზე“, რომელიც ასეთ ქმედებას გაამართლებდა, იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას მოახდენს ის მშვიდობიან მოსახლეობაზე. მაგრამ მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“, - განუცხადა იან ბონდმა Europetime-ს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.

მეთიუ ბრაიზა NATO-ს სამიტზე, მის შედეგებსა და „არაფორმალურ პირობაზე“

Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე გამოთქვამს ვარაუდს, რომ NATO-ს სამიტზე უკრაინამ არაოფიციალურად მიიღო პირობა, რომ NATO-ში გაწევრიანების მოწვევას მიიღებს. მეთიუ ბრაიზა ხაზს უსვამს, რომ კიევმა G7-სგან აქვს უსაფრთხოების გარანტიების დაპირება, რაც უკრაინას მომავალში რუსული აგრესიისგან დაიცავს. „უკრაინას არ მიუღია უსაფრთხოების გარანტიები NATO-სგან, მაგრამ „დიდი შვიდეულისგან“ მიიღო უსაფრთხოების გარანტიებისა და ფართო სამხედრო მხარდაჭერის პირობა, რომლის მიზანიც მომავალში რუსეთის შეკავებაა. როგორც ჩანს, შესაძლოა, უკრაინისთვის არაფორმალურად გასცეს დაპირება, რომ ის ომის დასრულების შემდეგ მიიღებს მოწვევას NATO-ში გაწევრიანებაზე, სანაცვლოდ კი, წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს“, - აცხადებს ამერიკელი დიპლომატი. ბრაიზა წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს არ მიუღია მსგავსი რამ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის შეფასებით, გულდასაწყვეტია, რომ NATO უფრო შორს არ წავიდა. ამერიკელმა დიპლომატმა, რომელიც სწორედ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს იკავებდა პოზიციას აშშ-ის ადმინისტრაციაში, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გაიხსენა, რომელმაც მისი შეფასებით, პუტინს მოქმედების საფუძველი მისცა: „რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ უკრაინაში.“ ბრაიზა ხაზს უსვამს, რომ ორივე ქვეყნის საბოლოო მიზანი მაშინაც NATO-ში გაწევრიანება იყო.   ბრაიზას შეფასებით, NATO-ს ახლა უკრაინასთან მიმართებით აქვს მეტი ვალდებულება, რომ ალიანსს შეუერთდეს, საქართველომ კი, რომელმაც „მძაფრი პოლიტიკური პრობლემების ფონზე, თავი ჩაიყენა თამაშგარე ვითარებაში,“ შიდა პოლიტიკური ვითარება უნდა მოაწესრიგოს. ის ხაზს უსვამს, რომ ვილნიუსის სამიტი ფოკუსირებული იყო მთლიანად უკრაინასა და შვედეთის გაწევრიანებაზე. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენჯერმე განმარტა, რომ მას ესმის, ომის დროს NATO-ში მიღება გამორიცხულია, თუმცა მკაფიო სიგნალს ითხოვდა. ვილნიუსის სამიტის მეორე დღეს, ზელენსკიმ დაასახელა სამი პრიორიტეტული საკითხი, რომლის განხილვასაც აპირებდა. ერთ-ერთი იყო უსაფრთხოების გარანტიები, რომელთან დაკავშირებითაც მიღწეული შეთანხმება მან მოგვიანებით, მნიშვნელოვან გამარჯვებად აღიარა უკრაინის უსაფრთხოებისთვის. NATO-ს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ელოდება დღეს, როდესაც უკრაინას მოკავშირის რანგში მიიღებს და ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კიევს გაწევრიანების გზაზე ექნება უსაფრთხოების გარანტიები და ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. ვილნიუსში, NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.

მეთიუ ბრაიზა: საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადება არ შეიცავს რაიმე სადავო იდეებს, გარდა ერთი საკითხისა

Europetime-თან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა აფასებს საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებას. ბრაიზა აღნიშნავს, რომ ეს განაცხადი არ შეიცავს რაიმე სადავო იდეებს, გარდა ერთი საკითხისა. ამერიკელი დიპლომატი ჩინეთის „გლობალური უსაფრთხოების ინიციატისადმი“ საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რაც შესაძლოა, ვაშინგტონმა წესებზე დაფუძნებული გლობალური სისტემისგან დაშორებად აღიქვას. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, გამოიწვევს თუ არა ახალი შეთანხმება ვაშინგტონის შეშფოთებას, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განხორციელდება ის. ბრაიზა აქვე ხაზს უსვამს, რომ პირიქით, რუსეთიც შეიძლება, შეშფოთებული იყოს, რადგან ცენტრალურ აზიაში გავლენების მოპოვების მიზნით კონკურენცია, ახლა შესაძლოა, შავ ზღვაზეც გავრცელდეს, მიუხედავად რუსეთისა და ჩინეთის მიერ გამოცხადებული - „საზღვრებს გარეშე“ სტრატეგიული პარტნიორობისა. „პრინციპში, განცხადება, რომელსაც გავეცანი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, აუცილებლად არ ნიშნავს დიდი ძალების კონკურენციის უფრო მაღალ დონეზე აწევას შავი ზღვის რეგიონში, აშშ-სა და ჩინეთს შორის. საქართველოსა და ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლიდან აქვთ, ხოლო შეერთებული შტატები იზიარებს ჩინეთისა და საქართველოს მიზანს, გააფართოონ შუა დერეფანი, განსაკუთრებით იმ დაბრკოლებების მოხსნით, რომლებიც ამჟამად გარკვეულწილად ზღუდავს მის გამტარუნარიანობას/შესაძლებლობებს. უფრო მეტიც, აშშ-ის პერსპექტივიდან, ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადება არ შეიცავს რაიმე სადავო იდეებს, ალბათ, გარდა ერთისა - საქართველოს მიერ ჩინეთის „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“ მხარდაჭერისა, რომელიც ვაშინგტონმა შესაძლოა, წესებზე დაფუძნებული გლობალური სისტემისგან დაშორებად აღიქვას. იმ სისტემისა, რომლის განვითარებასაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს,“ - მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე.  

ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა

სომხეთის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა Europetime-თან აფასებს. ბრაიზა მიიჩნევს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი ძვრებია სომხეთის საგარეო პოლიტიკაში.“ ამერიკელი დიპლომატის დასკვნით, ნიკოლ ფაშინიანს ყოველთვის სურდა დასავლეთისკენ სვლა და რუსეთისგან თავის დაღწევა, რამდენადაც შეეძლო იმის გაცნობიერება, რომ ვერცერთი სომეხი ლიდერი მთლიანად ვერასოდეს გათავისუფლდება რუსეთის „გრავიტაციული ძალისგან.“ ამის დასტურად ის იხსენებს იმ პერიოდს, რამაც „გამოიწვია სერჟ სარქისიანის გადაყენება და ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლა, როცა ფაშინიანი ითვლებოდა პროდასავლურ ლიდერად და რუსეთს სომხეთისთვის უსაფრთხოების გასაღებად კი არ თვლიდა, არამედ, დასავლეთთან მანევრირების საშუალებას იტოვებდა.“ ბრაიზას თქმით, ყარაბაღთან დაკავშირებით კი, ფაშინიანი მაინც ზედმეტად დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ერევანს რაიმე სახის მხარდაჭერას შესთავაზებდა, თუმცა გარკვეული იმედგაცრუება განიცადა: „მაგრამ ვფიქრობ, მას ყოველთვის დასავლეთისკენ ძვრა და რუსეთისგან თავის დაღწევა სურდა, რამდენადაც შეეძლო იმის გაცნობიერება, რომ რუსეთის გრავიტაციული ძალისგან მთლიანად ვერცერთი სომეხი ლიდერი ვერასოდეს გათავისუფლდება. ის ცდილობდა, კარგი ურთიერთობა ჰქონოდა შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან, მაგრამ ასევე შეენარჩუნებინა სამუშაო დონეზე ურთიერთობა რუსეთთან. „ახლა დაძაბულობა იმდენად გაიზარდა ლაჩინის კორიდორის გარშემო, რომ მან მომენტის გამოყენება აირჩია. თავს ესხმიან ოპონენტები და ღალატში ადანაშაულებენ, რადგან 2020 წლის 10 ნოემბერს დათანხმდა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ამდენად, ვფიქრობ, ის ახლა ფარად იყენებს ეროვნულ ერთიანობას, რომელიც აზერბაიჯანთან დაძაბულობამ გამოიწვია ლაჩინის დერეფნის გარშემო, რათა საშუალება მიეცეს, გადადგას ეს რადიკალური ნაბიჯი, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა უფრო მეტად დაუკავშიროს ევროპასა და შეერთებულ შტატებს, ვიდრე რუსეთს,“- ამბობს მეთიუ ბრაიზა. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ნიკოლ ფაშინიანს ნამდვილად სურს საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია. „ამიტომაც, ის და პრეზიდენტი ალიევი უფრო და უფრო უახლოვდებიან სამშვიდობო ხელშეკრულებას, მისი ოპონენტები უფრო და უფრო რადიკალურები ხდებიან, მაგრამ ისინი ჩიხს გვთავაზობენ, როდესაც ამბობენ, რომ სომხეთს დახმარება რუსეთისგან სჭირდება და არა დასავლეთისგან. ახლა ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის, ცოტა უფრო მეტად ტრანსატლანტიკური საზოგადოებისკენ, რისი გაკეთებაც მას თავდაპირველად სურდა, მაგრამ შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო ვერ შეძლო,“ - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. 5 სექტემბერს სომხეთმა რუსეთის დომინირებით მოქმედი ОДКБ-დან მუდმივი წარმომადგენელი, ვიქტორ ბიაგოვი გაიწვია. უფრო ადრე ბელორუსში ОДКБ-ს წვრთნები დაიწყო, სწავლებაში სომხეთი არ მონაწილეობს. 6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. ასევე აღსანიშნავია, რომ 6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს